კლინიკა "ვივამედში", მიხეილ სააკაშვილის ვიზიტორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა, - ამის შესახებ განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა.
შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ მნახველები დღეიდან მიხეილ სააკაშვილის პალატაში მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით დაიშვებიან.
"ახალი რეგულაციები დაგვახვედრეს. ზოგადად ამ ფორმით, გარკვეული რამდენიმე თვე ხდებოდა, ძალიან პანდემიის შუაგული რომ იყო მეექვსე იზოლატორში, სხვაგან მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ქალბატონ გიული ალასანიასაც მოუწევს ახლა გადაცმა ამ ყველაფერში", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, პალატაში შაბათ-კვირას ვეღარ შევლენ ადვოკატები. ამასთან ერთად, წერილების გამოტანის უფლება აღარ ექნებათ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და ამას მხოლოდ მისი უფლებადამცველები მოახერხებენ.
ცნობისთვის, თავდაპირველად, 26 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილების გაგზავნა ეკრძალებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.