„არავითარ პარტიას არ შევქმნი“ - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ვარშავაში „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ექსპრემიერის თქმით, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, გეგმავს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას, თუმცა, სად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ აკონკრეტებს.
„ჩემი მხრიდან ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება არასერიოზული. მე ძალიან სერიოზულად ვუყურებ ჩემს ქვეყანას, ჩემს მომავალს, რომ ასეთი მყისიერი, დაუფიქრებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მივიღო. ჩვენ იმდენად დიდი ამოცანები გვაქვს წინ, რომ ასეთ მეორეხარისხოვან საკითხს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არავითარ პარტიას არ შევქმნი“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დღეს ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ვარშავაში პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მერაბიშვილი მის პოლიტიკურ გეგმებზე ისევ არ საუბრობს და ამბობს, რომ ამისთვის დრო სჭირდება. ექსპრემიერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი, რომ ქვეყანაში არჩევნები შეცვლილი სისტემით ჩატარდეს.
ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენცია პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად გამართა.