19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ხელახალი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გააჟღერა.
ბრეგვაძე თითქმის სამი საათია საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მათ კითხვები თავადაც აქვთ და ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას იმის დასადგენად მოითხოვენ, რომ გაირკვეს, დაინახავდა თუ არა იაკობ ბრეგვაძე მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს.
ჩვენი კითხვები ეხება თვითონ იაკობის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, გარდა ამისა, გვაქვს საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები. დროის შეთანხმების საკითხი, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნაა, რომ იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც საბედისწერო მოვლენები განვითარდა, - თქვა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძე სხვა ადვოკატების და გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ აშშ-ს დახმარებისთვის მიმართეს, რათა საქმეში მონაწილე პირების სოციალური ქსელების მიმოწერა და სტატუსების აღდგენა მოხდეს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.
შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.