"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება. მანამდე იგივე განცხადება "ოცნების" კიდევ ერთმა ლიდერმა, კახი კალაძემ გააკეთა.
"დღეს პრემიერი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9 200-დან ერთი პატიმრის ბედი. [...] იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს იმაზე მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე იმ პირებს, რომელთა შეწყალებასაც პრეზიდენტის იმიჯის დაზიანება მოჰყვა.