რას გულისხმობს მთავრობა 12 რეკომენდაციის "ზედმიწევნით შესრულებაში" - წულუკიანის პასუხი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის არჩევის ისეთი პროცესი "გამოიგონა", რომ მსგავსი დასავლეთ ევროპასაც არ აქვს, ხოლო დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მისივე თქმით, ოპოზიციას არ სურს.

ამის შესახებ წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია "ზედმიწევნით შეასრულა", რაზეც ჟურნალისტებმა წულუკიანს სთხოვეს განმარტება, რა იგულისხმება რეკომენდაციების შესრულებაში, მაშინ, როცა ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში რჩებიან, პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია, დეოლიგარქიზაციის კანონი კი ბიძინა ივანიშვილს არ ეხება.

"მე არ ვიცი, რომელ პოლიტპატიმარზე საუბრობთ... 

სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ისეთი გამოიგონა ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც თვით არცერთ დასავლეთ ევროპის ქვეყანასაც არ აქვს, ამიტომ რის შეუსრულებლობაზეა საუბარი, მე არ მესმის. მე მესმის ის, რომ თქვენ ეს ტენდენციურად წარმოაჩინეთ, ეს თქვენი უფლებაა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქ ჩვენ ვნახეთ, რომ თვითონ ოპოზიციას აღარ სურს ამ კანონის მიღება, მაშინ, როცა თავად ოპოზიცია უჩურჩულებდა ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული და, რა თქმა უნდა, მათ მთავარ მიზნად ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათ ამოღებული. როცა მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ოლიგარქი ვერ არის, შეიძლებოდა პირიქით მისტრიალებოდათ მათ ეს კანონი, ჩვენ ვიხილეთ მათი წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებისას", - თქვა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტმა კულტურის მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა მნიშვნელოვანი დასავლელი პარტნიორების შეფასება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე, წულუკიანმა კი უპასუხა: "არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ არიან ისინი პოლიტპატიმრები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი