გადაარჩინე მიხეილ სააკაშვილი, არ გადააყოლო ქვეყანა პოლიტიკურ შურისძიებას - საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებული პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
მიმართვას, რომელიც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა, უამრავი ადამიანი უერთდება. მათ შორის კი არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ფორმაციის ხელისუფლების წარმომადგენლები.
მიმართვაზე ხელმომწერები მოქმედ პრეზიდენტს აფრთხილებენ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტის ლიკვიდაცია იქნება ის შავი ლაქა, რომელსაც ქვეყნის ისტორია ვერასდროს ჩამოირეცხავს.
"ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს ადამიანის წამება, წამებით სიკვდილით ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება და მეორე - რომ საქართველოში ჩვენი ახალი ისტორიის ბოლო 30 წელში მეორედ რუსების დავალებით, არ მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი. ეს ორი ძალიან მარტივი თემის ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, მორალური პოზიციიდან გამომდინარე" ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმით, ბევრად მეტად უნდა იაქტიურონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, მეოთხე პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში ერთადერთი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადების ხელმომწერებს გიორგი მარგველაშვილი წერეთლის 114-ში მდებარე, ფექტორი "თბილისში", კოკა კოლას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება.
დოკუმენტზე ხელის მოწერა იქ მისულ პირებსაც შეუძლიათ.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.