საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით განცხადებაზე ხელმომწერი ქალები მიმართავენ - მათ ათონელის რეზიდენციაში განცხადება შეიტანეს.
1 500-ზე მეტი ხელმომწერი ქალი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდება, ისინი სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ და მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები.
"გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება - მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.
არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.
სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ", - ნათქვამია მიმართვაში.
ხელმომწერთა შორის არიან: ნინო სუხიშვილი, ნინო კასრაძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა ჩიჩუა, ელენე ხოშტარია, ვერა ქობალია, ეკა ბესელია, ნინო დანელია, რუსუდან გოცირიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ქათამაძე და სხვები.