ვინც ჭკუას მასწავლის, იმათ მურუსიძე-ჩინჩალაძე ისეთ ადგილას განაწესეს, საიდანაც გვიბლოკავენ ევროპის გზას - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თანამდებობებზე სწორედ "ქართული ოცნების" წევრებმა დანიშნეს.

ზურაბიშვილის თქმით, ეს ადამიანები დღეს "ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას".

"აქ ძალიან ნათელია, რომ არის რაღაც ერთობლივი თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ. მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არა თუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც მათ ვერავინ ვერ მოხსნის და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ ვკითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე 2018 წლის 27 დეკემბერს უვადოდ განწესდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მიხეილ ჩინჩალაძე კი 2022 წლის 27 ივნისს მეორედ დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და მისი სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა ხელისუფლების მხრიდან მუქარაზე, ზეწოლასა და შანტაჟზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა სწორედ ის ადამიანები ემუქრებიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის დროს ან თავად სააკაშვილთან იმყოფებოდნენ, ან ქართუ ბანკში იყვნენ მოკალათებული.

იქამდე კი ზურაბიშვილი რეზიდენციის წინ შეკრებილებთან გავიდა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. 

ათონელის რეზიდენციასთან დღეს სალომე ზურაბიშვილი ლალი მოროშკინა და სხვები, მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი