ბლინკენის თქმით, აგრძელებენ ზეწოლას რუსეთში დაკავებული ამერიკელის გასათავისუფლებლად - რუსეთს მისი გაცვლა ხანგოშვილის მკვლელში სურს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ იმუშავებს რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქის, პოლ უილანის გათავისუფლებაზე.

"მისი დაკავება კვლავ მიუღებელია და ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე ყველა შესაძლო გზით", - თქვა ბლინკენმა.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთმა NBA-ს ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრინერი,  შეერთებულ შტატებს იარაღით ცნობილ მოვაჭრე - ვიქტორ ბოუტში, იგივე "სიკვდილით მოვაჭრეში" გაუცვალა, თუმცა პატიმრების გაცვლის ფარგლებში ვერ მოხერხდა პოლ უილანის გათავისუფლება. ბოუტის გაცვლის შემდეგ, პუტინმა თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა კვლავ შესაძლებელია.

პოლ უილანი უკვე 4 წელია რუსეთის საპატიმროში იმყოფება. CNN მანამდე წერდა, რომ რუსეთს მისი გაცვლა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულში სურს. 

ბრიტნი გრინერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-თან თქვა, რომ პატიმრების გაცვლისას არ არსებობდა არჩევანი, ამერიკის რომელი მოქალაქე უნდა გაეთავისუფლებინათ - "ეს იყო არჩევანი ერთი კონკრეტული ამერიკელის - ბრიტნი გრინერი სახლში დაბრუნებასა და არავის სახლში დაბრუნებას შორის", - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

გრინერის გათავისუფლების დღეს უილანმა CNN-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ "ამერიკის გამარჯვებაა, როცა ჩვენი მოქალაქეები სახლში ბრუნდებიან ოჯახთან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მეტი არ გაკეთებულა ჩემი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, მითუმეტეს, რომ ჩემი დაკავებიდან მალე 4 წელი გავა".

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი სასჯელს გერმანიის ციხეში იხდის. ამერიკული მედია ჯერ კიდევ ივლისში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთი ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ ვიქტორ ბოუტის გარდა კრასიკოვსაც ითხოვდა. CNN-ის თქმით,  მოსკოვმა ვაშინგტონს კრასიკოვის გაცვლის სურვილი არაფორმალური გზებით შეატყობინა.

გარდა ამისა, მედია წერდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მიმართეს - სურდა თუ არა გერმანიას, ვადიმ კრასიკოვი აშშ-სა და რუსეთს შორის გაცვლის ნაწილი გამხდარიყო. გერმანული წყაროს განცხადებით, ეს მოთხოვნა გერმანიის მთავრობის უმაღლეს დონეზე არ განხილულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი