
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში 1800-ზე მეტი დასახლება უკვე გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან.
ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში, სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, ვინც ეხმარება უკრაინელებს ბრძოლის ველზე რუსული ტირანიის დაძლევაში.
"ჩვენ უკვე მოვახერხეთ ოკუპანტისაგან უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება...“ -აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შეუძლებელი ჩანდა რომ უკრაინას "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნებოდა.
"მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არის განსაკუთრებული ნდობის ნიშანი უკრაინის მიმართ, ეს არის ნამდვილი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამას მივაღწიეთ", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
დღეს, 28 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა და 2022 წლის შედეგები შეაჯამა. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთს აღარ ეშინია რუსეთის ფედერაციის და უკრაინა გახდა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი.