პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პუტინის დავალებით კლავენ. მან ჟურნალისტ იულია ლატინინასთთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში საიდუმლო ვიზიტით ჩამოსული იყო პუტინის ემისარი - სერგეი კირიენკო, რომელმაც სააკაშვილის "მოკვდინების" პოლიტიკის გაგრძელება მოითხოვა.
ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.
"პუტინის ერთ-ერთი ყველაზე უსაძაგლესი ხელქვეითი, ბატონი კირიენკო ახლა იმყოფება საქართველოში. ის ჩავიდა. რატომ? რა უმნიშვნელოვანესი საკითხი დადგა, რომელიც მის ჩასვლას მოითხოვდა? ჩემი აზრით, ის ჩავიდა, რათა დაჟინებით მოითხოვოს სააკაშვილის „მოკვდინების“ პოლიტიკის გაგრძელება.
ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხთან მიმართებაში უკრაინა უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სააკაშვილმა მომანიჭა მოქალაქეობა, რადგან ვაპროტესტებდით რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რა თქმა უნდა, ვუერთდები მოწოდებას გლობალური და მასობრივი მხარდაჭერის შესახებ, რომ ის გადაიყვანონ საზღვარგარეთ. სიტუაცია ძალიან საშიშია. პუტინის გარდა სხვა მიზეზი არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას. იმეორებენ - ისე გინდათ როგორც მარიუპოლშია? ისინი გაუშვებდნენ სააკაშვილს, რომ არა პუტინის მისდამი სიძულვილი, სწორედ პუტინი პირადად არ უშვებს. მას უყვარს მტრების მოკვლა. ეს საშინელი ადამიანია. ყველა საკითხი მათ შორის სააკაშვილისაც, გადაწყდება ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებით", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე თბილისში რამდენიმე საათით ჩამოსვლას და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავს, რასაც "ქართულ ოცნებაში" ყალბი კამპანიის ნაწილი უწოდეს.