ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - "არა, არ უარვყოფ" - განაცხადა ჟურნალისტების პასუხად ნიკა მელიამ თბილისი საქალაქო სასამართლოსთან. თუმცა, მელიას შეხვედრებთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს:
"ჩემთვის მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც შეიძლება ყოველთვის ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო" განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
მელია პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ როგორც ჩანს, ზურაბიშვილი საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მელია ამაზე ვერ საუბრობს:
"მე მიხარია როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით ჩვენ პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არამხოლოდ ქვეყნის საგარეო განვითარების, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ, გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს და მე მიხარია თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხვდება ყოველდღიურად სად არის სიმართლე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო აშკარად იზრდება როგორც სოლიდარობა და ხდება საჭირო აზრის კონსოლიდაცია." განაცხადა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერებისა და თანაგუნდელების აქცია მიმდინარეობს.