ომი სამეზობლოში - შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში

გამოქვეყნდა:

სომხეთი და რუსეთი, აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ - ოთხივე  ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოა. ცხელი წერტილიც, სადაც ბოლო დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა სროლამდე მივიდა.

პუტინს არ სძინავს - არ არის შემთხვევითი, რომ მან ზუსტად ორი დღის წინ რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში საბრძოლო განგანში გამოაცხადა. ეს ასეულობით ათასი სამხედროს და დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას ნიშნავს. ამას მალე დაემატება მასშტაბური რუსული სახმედრო წვრთნა კავკაზ-2020, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსაც მოიცავს.

როგორც ყოველთვის, რუსეთი იფიცება, ვითარების დარეგულირების და მშვიდობის მომხრე ვარო. მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ არეგულირებს კრემლი შეარაღებულ კონფლიქტებს და როგორი მშვიდობა მოაქვს...

პირველი და მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ - ბრძოლა არ მიდის ყარაბაღში. ბრძოლა მიდის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში. აქედან ერევნამდე 92 კილომეტრია, ბაქომდე კი 400. მაგრამ თბილისამდე პირდაპირი ხაზით 99 კილომეტრია. საქართველოს საზღვრამდე - 50 კილომეტრი. სულ რაღაც 50. ეს არის ინფორმაცია განსჯისთვის, უნდა ვინერვიულოთ თუ არა? რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი?

საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს, ორივე მეზობელთან შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. ყოველ შემთხვევაში, სანამ პრეზიდენტი არ ჩამოივლის და ყველაფერს წყალში არ გადაყრის ხოლმე. თუმცა, ეს დეტალებია. ჭეშმარიტების მომენტი ახლა დგება - საქართველომ უნდა შეძლოს დაიცვას ნეიტრალიტეტიც და შეიძლება, თავიც, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაღრმავება, გვინდა თუ არა, ჩვენც შეგვეხება.

ორი დაპირისპირებული ქვეყნიდან ერთი ოდკბ-ს, ანუ უსაფრთხოების რუსული სისტემის წევრია და მის ტერიტორიაზე ისედაც დგას უზარმაზარი რუსული ბაზა - 5000-მდე სამხედრო, მძიმე შეიარაღება, საბრძოლო ავიაცია. მეორეს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთი. რუსეთის მოკავშირე არ ესაზღვრება რუსეთს, თურქეთის მოკავშირე არ ესაზღვრება თურქეთს. თუ არ ჩავთვლით ანკლავს,  ნახიჩევანს. სამხედრო განათლება არ გჭირდებათ - გჭირდებათ მხოლოდ რუკა. კონფლიქტი თუ მართლა ომად იქცა, როგორ მოხვდება რუსული არმია სომხეთში? სწორია - საქართველოს გავლით. ახლა, ვკითხოთ საკუთარ მთავრობას - გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ შევაჩეროთ რუსული არმიის მარში ცხინვალიდან? ლარსიდან?

გაიხსენეთ, რომ რუსეთმა ერთ ადგილას უკვე მოაქცია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებში, 2008 წლის აგვისტოში კი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა მილსადენები საქართველოში და, ტერაქტით, ააფეთქა თურქეთის ტერიტორიაზე. მე არაფერს გიმტკიცებთ - მე მხოლოდ გახსენებთ

ყველაფერ ამაზე არანაკლებ საინტერესო და ჩვენთვის ალბათ უფრო საყურადღებო არის პარალელური პროცესი, რომელიც პუტინის ორი ბრძანებით დაიწყო. 2 კვირის წინ პუტინმა გამოაცხადა რეზერვისტების გაწვევა ე.წ. გადამზადების კურსებზე, სადაც იმათ, ვისაც უკვე უმსახურია ჯარში და აქვს სამხედრო წოდება და სპეციალობა, უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეისწავლონ თანამედროვე ტექნიკა. ბრძანების მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გასაწვევი რეზერვისტების რაოდენობას, გასაიდუმლოებულია, მაგრამ, როგორც პრაქტიკა მოწმობს, მსგავს შემთხვევებში გადამზადებას გადის, სულ ცოტა, 15 ათასი ადამიანი.

მეორე, გაცილებით უფრო მასშტაბური ამბავი, ხდება პუტინის 17 ივლისის ბრძანებით. რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში გამოცხადდა საბრძოლო შემოწმება. ანუ, უფრო გასაგებად, საბრძოლო განგაში. მასშტაბი შთამბეჭდავია - განგაშმა მოიცვა რუსეთის ევროპული ნაწილი პრაქტიკულად სრულად. და ცხადია, სამხრეთ კავკასიაში განთავსებული ყველა რუსული შენაერთი - გიუმრის ბაზა, ცხინვალის ბაზა, გუთაუდის ბაზა და კასპიის ფლოტილია. რაოდენობრივად ეს არის 150 ათასზე-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 400 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ტექნიკის 26 ათასი ერთეული და 100-ზე მეტი ხომალდი. გეოგრაფიულად - თურქეთის საზღვრიდან უკრაინის, პოლონეთის, ბალტიისა და ფინეთის საზღვრებამდე. გარდა ამისა, განგაში გამოცხადდა საჰაერო და საზღვაო დესანტის ყველა შენაერთში - ანუ ყველაზე მობილურ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ნაწილებში შავ ზღვაზეც, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეშიცა და წყნარ ოკეანეშიც.

გეუბნებათ ეს ამბავი რამეს? 2008 წელს საქართველოსთან ომს წინ უძღოდა იმ დროისთვის უმსხვილესი სწავლება კავკაზ-2008, რომლის დამთავრების შემდეგაც, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ომში ამდენივე, 150 ათასი სამხედრო იყო ჩართული. ზოგიერთი ნაწილი სხვა სამხედრო ოლქებიდან მაშინაც გადმოისროლეს - მაგალითად, ლენინგრადის ოლქიდან. რომ იცოდეთ, კავკაზ-2020 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ძალიან რთულია საქართველოს სამხედრო პოტენციალის შედარება მეზობლებთან. აზერბაიჯანიც, სომხეთიცა და საქართველოც ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დამალონ  რეალური ინფორმაცია საბრძოლო მზადყოფნის შესახებ. თუმცა, არსებობს ღია წყაროები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დაახლოებით რეალისტური სურათის აღდგენა. აზერბაიჯანის არმიაში 70 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. სომხეთისაშიც ამდენივე, თუკი მას ყარაბაღის არმიას მივათვლით.  ორივე მათგანს ჰყავს 400-ზე მეტი ტანკი. აზერბაიჯანულ საჰაერო ძალებს ჰყავს 60-მდე საბრძოლი თვითმფრინავი და 150-ზე მეტი ვერტმფრენი. სომხეთს ჰყავს 20-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 50-მდე ვერტმფრენი. ორივე ქვეყანა აწარმოებს რამდენიმე მოდიფიკაციის უპილოტო თვითმფრინავს, მათ შორის, დამრტყმელს, ანუ, შეიარაღებულს. ორივე აწარმოებს ჯავშანმანქანებს. მათ შორის, ემრაპის ტიპის, ანუ ისეთს, რომელიც არა მხოლოდ ტყვიას, არამედ აფეთქებასაც უძლებს. აზერბაიჯანმა წლების წინ შექმნა სამხედრო მრეწველობის სამინისტრო, რომელშიც 20 ქარხანა შედის. დღეისათვის აზერბაიჯანს ჰყავს 2000 ჯავშანმანქანა. სომხეთს - 700-ზე მეტი. ორივე მეზობელი აწარმოებს ცეცხლსასროლ შეიარაღებას. სულ რამდენიმე დღის წინ სომხეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც სომხეთი კალაშნიკოვის ხაზის, ანუ ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ლიცენზირებულ წარმოებას იწყებს. ორივე ქვეყანას აქვს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ს-300 და ბალისტიკური რაკეტები 300-იდან 500 კილომეტრამდე რადიუსით. სომხურ მონაცემებს, როგორც გითხარით, უნდა დაუმატოთ გიუმრის ბაზის შეიარაღება და პირადი შემადგენლობა. აზერბაიჯანი, ოფიციალურად, თავდაცვაზე წლიურად ხარჯავს 2 მილიარდამდე დოლარს. სომხეთი - ასევე ოფიციალური მონაცემებით, 700 მილიონ დოლარს. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი წელს 880 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 70 ახლა უბრალოდ ჩამოაჭრეს. რაც დარჩა, დოლარებში თუ გადავიყვანთ, 280 მილიონ დოლარსაც ვერ სწვდება.

რით შეიძლება ამ ფონზე დაიკვეხნოს საქართველომ? ჩვენი არმიის სიახლეებია შეფმზარეულების გადამზადების კურსები და ახალი, როგორც გვამშვიდებენ, ნატოს სტანდარტის ფეხსაცმელი, რომელსაც ისე უფრთხილდებიან, რომ ჯარისკაცებს შაბათ-კვირას სახლშიც კი არ ატანენ, ემანდ, სადმე ტალახში არ გატოპონ და არ დააზიანონო.

ახლა ნელნელა ვუახლოვდებით პასუხს კითხვაზე - ასეთ სამეზობლოში რამდენად ადეკვატურია ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი, ჩვენი სამხედრო პრიორიტეტები, ჩვენი შეიარაღება და მარაგი და, საბოლოო ჯამში, ჩვენი მებრძოლი სული?

თუკი რაიმეში გვჭირდებოდა ტანკი თუ ქალაქი თუ პორტი, უმთავრესად რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და აგრესიის შესაჩერებლად. მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო ვნახეთ - ჯავშანმანქანის წარმოების შესაძლებლობაცა და პორტიც დავთმეთ ზუსტად იმიტომ, რომ რუსის გაბრაზებისა შეგვეშინდა. თან ეს ღიად და ამაყად ვაღიარეთ. იმას იქ, მოსკოვში რომ გაეგო. ამას, თქვენი აზრით, პარადოქსი ჰქვია? არა, ამას ჰქვია "ქართული ოცნების" მმართველობა.

ავტორები: თენგიზ გოგოტიშვილი, ბაჩო მეტრეველი, გიორგი მოდებაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი