1 კვირა დაგრჩათ, სანამ კრემლი საზღვრებს ჩაკეტავს, რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას იწყებს - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა წინასაახალწლო მილოცვაში რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას აპირებს.

"ახალი წლის წინა დღეს მივმართავ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანი არიან. პირველ რიგში, ეს შეეხებათ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს. მე დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რაიმე არჩევანი მაინც გაქვთ. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება კაცებისთვის საზღვრებს დაკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს. საზღვრები ასევე ჩაიკეტება ბელარუსში", - თქვა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, ახლა რუსები ფიქრობენ, როგორ გააფორმონ სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ მათ კარზე სამხედრო კომისარი დააკაკუნებს.

"დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა და გულწრფელად უპასუხეთ: როდესაც ომში წახვალთ, სადაც შეიძლება მოკვდე ან სიცოცხლის ბოლომდე დაინვალიდდე, კონკრეტულად რისთვის იბრძოლებ?", - თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის იმ ე.წ "გეგმის" ჩავარდნაზე ისაუბრა, რაზეც ისინი ომის დასაწყისში საუბრობდნენ. 

მისი თქმით, რუსული არმიის დანაკარგები 100 000-ს აჭარბებს და ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად უკვე განხორციელდა მობილიზაციის ერთი ტალღა, თუმცა, ჯერ კიდევ ზაფხულში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ. რეზნიკოვი ამბობს, რომ "გეგმის" მიხედვით ციხეებიდან ათიათასობით პატიმარი კერძო სამხედრო კომპანიაში აიყვანეს.

ამასთან, მისი თქმით, ამ "გეგმის" მიხედვით, რუსები უკვე ნახევარი წელია უკრაინულ პატარა ქალაქ ბახმუტს წარუმატებლად უტევენ და იქ ათიათასობით ჯარისკაცი განათავსეს. მან ისაუბრა რუსების გაქცევაზე ხარკოვიდან, კიევის შემოგარენიდან, ჩერნიგოვის, სუმის ოლქებიდან და ხერსონიდან.

რეზნიკოვის თქმით, ამ "გეგმის მიხედვით" შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას ასრულებენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის წინ ეს ქვეყნები NATO-ზე არც კი ფიქრობდნენ და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი