2020-2022 წლებში თბილისის საკრებულოს სატელეფონო ხარჯმა 94 000, საწვავის 750 000 ლარი შეადგინა - ფლანგვა

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" თბილისის საკრებულოს დეპუტატების მხრიდან ბიუჯეტის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ორგანიზაციამ შეისწავლა საკრებულოს ავტოპარკი, საწვავის შესყიდვა და გამოყენება, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება/დაზღვევა და სატელეფონო ხარჯები. კვლევის ფარგლებში 2020-2022 წლის დეკემბრის პერიოდში არსებული მონაცემები დამუშავდა.

ანგარიშის თანახმად, 2020-2021 წლებში, თბილისის საკრებულოს 40 ავტომობილი ემსახურებოდა, ხოლო 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 44 ავტომობილამდე გაიზარდა. 

ხარჯები, რომელიც თბილისის საკრებულოს ავტოპარკზეა გაღებული, დიდწილად, საწვავზეა გადანაწილებული. მანქანის რაოდენობის ზრდისა და სავარაუდოდ, საწვავის ფასების ცვლილების შედეგად, სახეზეა ხარჯების ზრდის საგრძნობი ტენდენცია. 

ორგანიზაცია წერს, რომ თუკი 2020 წელს, 40 ავტომობილისთვის განკუთვნილ საწვავში, ჯამში -183 ათასი ლარი დაიხარჯა, 2022 წლის პირველ 11 თვეში, ამ მაჩვენებელმა - 288,400 ლარს მიაღწია.  

რაც შეეხება სატელეფონო ხარჯებს, ავტომობილის მოხმარებისთვის გამოყოფილი ხარჯების გარდა, საკრებულოს ყველა დეპუტატისთვის, ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად, სატელეფონო ხარჯებია უზრუნველყოფილი. 

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020 წელს, დეპუტატების სატელეფონო მომსახურებაზე - ₾33,414 დაიხარჯა, 2021 წელს - ₾32,306, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით - 28,068 ლარია დახარჯული. 

არასრულ 3 წელიწადში, სატელეფონო მომსახურების ხარჯებმა - 93,799 ლარი შეადგინა. 

"საჰონორარო მომსახურების, თანაშემწეების ყოლის შესაძლებლობისა და წარმომადგენლობითი ხარჯების გარდა, თბილისის საკრებულოს წევრები, არაერთი სერვისით სარგებლობენ, რომლის უზრუნველყოფაც, საბიუჯეტო თანხებით ხორციელდება. 

გაურკვეველია, რა საჯარო ინტერესს ემსახურება ამხელა ავტოპარკი, როდესაც მანქანების უდიდესი ნაწილი, კერძო პირების მომსახურებაზეა გამოყოფილი, რაც ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება. 

დაუდგენელია, რატომ იზრდება მანქანების რაოდენობა, რაც ავტომატურად გულისხმობს, მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გაზრდასაც. მაგალითისთვის, ფლანგვის დეტექტორის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის საკრებულოში 35 ავტომობილი იყო, ხოლო წელს, ეს რიცხვი 44-ს შეადგენს. ავტოპარკის გაზრდის მიზეზი უცნობია. 

გარდა ამისა, ევროკავშირის ორი დედაქალაქის საკრებულოს მაგალითზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატებისთვის გამოყოფილი დამატებითი ბენეფიტები, როგორსაც თბილისის საკრებულოში ვხვდებით, არამიზნობრივ ხარჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგანაც ასეთი შესაძლებლობებით, ევროპელი დეპუტატები არ სარგებლობენ. 

სასურველი იქნება, თუკი თბილისის საკრებულო გადახედავს საკუთარ პოლიტიკას და პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ხარჯებს, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი და  საჯარო ინტერესების განხორციელებასთან დაკავშირებული, არ არის", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი