საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილიდან 29 წელი გავიდა. 2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.
დევნილი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად იძულებული იყო თავი სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა, გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი, ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს:
"1993 წლის 30 დეკემბერის Вести-ის 7 საათიანმა გამოშვებამ გვაუწყა ,რომ საკუთარი ხალხის მიერ ქვეყნიდან განდევნილმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სამეგრელოს ტყეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...
სინამდვილეში,კრემლმა ცოცხალი ადამიანის ნეკროლოგი ნაადრევად წაიკითხა და Вести-ის წინასწარმეტყველების სასურველი შედეგი, მეორე დღეს,31 დეკემბერს დადგა.
მას მერე ირჩევა საკითხი-თავი მოიკლა თუ მოკლეს,რაზეც 30 წელი ერთი პასუხი მაქვს- პრეზიდენტი,რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ბნელი საბჭოეთიდან ქვეყნის დახსნას მიუძღვნა და გაძაღლებული დღეების გასატანად ტყეში აღმოჩნდა,ნებისმიერ შემთხვევაში,რუსული ტყვიით არის მოკლული",- წერს ეკა ხერხეულიძე,