მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გიული ალასანიას ინფორმაციით, მას მაღალი სიცხე აქვს, ასევე უჭირს საუბარი.
ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ცოტა ხნის წინ მოინახულა. გიული ალასანია ასევე გამოეხმაურა კლინიკაში დაწესებულ კარანტინს და ახალ შეზღუდვებს, რომლის ფარგლებშიც, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა შეზღუდეს. ალასანიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
"უარესად [არის], ვიდრე იყო. გუშინ ჰქონდა, 38,2, დღეს დილიდან ასევე მაღალი სიცხე აქვს, ასეთი მდგომარეობაა. არაფერს არ მოძრაობს, სულ წევს, უჭირს [საუბარი]. ელოდებიან, ალბათ, მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, ეს მოსალოდნელი იყო, უნდათ, რომ სულ იზოლაციაში ამყოფონ. ჩვენ სამართალი არ გავქვს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ", - თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მხოლოდ გიული ალასანიას და ადვოკატებს აქვთ. კლინიკის განმარტებით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა.
ამასთან, გუშინ პარლამენტის ვებგვერდზე განცხადება გაავრცელდა, რომელშიც წერია, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ.