შაქარაშვილი, შესაძლოა, ორი დღე ცოცხალი იყო, მაგრამ კომაში - ექსპერტის მოსაზრება

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, ორი დღე ცოცხალი იყო, მაგრამ კომაში - ამის შესახებ ექსპერტ კრიმინალისტებმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრეს.

ცნობილი უკრაინელი სასამართლო ექსპერტ-კრიმინალისტი, გალინა კარმოშინა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შაქარაშვილი წყალში გადააგდეს არა იმავე ღამეს, არამედ მომხდარიდან რამდენიმე დღეში.

"ცხედარს აღენიშნებოდა ე.წ. გვამური გაშეშება, რომელიც გარდაცვალებიდან 48 საათში აღარ შეინიშნება, რაც ნიშნავს, რომ მდინარეში პოვნისას შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.
ასევე არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა. მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, თუ შაქარაშვილი 4 დღის გარდაცვლილი იქნებოდა, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.
გარდაცვლილის ხელებით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. "მრეცხავის ხელთათმანი" - ცხედარი, შეუძლებელია ყოფილიყო წყალში 4 დღის განმავლობაში. ამდენხანს წყალში ყოფნის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ე.წ. "სიკვდილის ხელთათმანი", ანუ ხელებს უნდა მოცილებოდა ფრჩხილები და კანი.
ცხედარს ასევე აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც გვამური ლაქები მოწმობს ზურგსა და მუცელზე... როგორც ჩანს, სხეული თავდაპირველად ზურგით ესვენა, შემდეგ კი მუცლის მხარეს გადააბრუნეს და ის ამ დროს წყალში არ იყო" -  ამბობს სასამართლო ექსპერტი, კრიმინალისტი გალინა კარმოშინა.

უკრაინელილ კრიმინალისტის მოსაზრებებს იზიარებს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.   

"გვამური ლაქების გათვალისწინებით, ასევე გვამური გაშეშების დროის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ კიდევ იყო რაღაც მანიპულაციები ცხედართან დაკავშირებით. შემდეგ უკვე წაიღეს რამდენიმე საათი პოვნამდე და იქნა ჩაგდებული მდინარეში, ანუ გამოდის, რომ ორჯერ იმყოფებოდა წყალში სხეული და 4 დღე რა თქმა უნდა არა.  სადღაც დღე-დღე ნახევარი ადამიანი იყო ცოცხალი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში, ასე ვფიქრობ მე" - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი