სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გატაცება გუშინ მოხდა, ხოლო ოკუპანტები თვითონ გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიაზე. უწყებების მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულები არიან სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი.
"სუს-ი ტრადიციულად გვაუწყებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გადაკვეთეს ხაზი და იქ მოხდა მათი გატაცება, თუმცა ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს რუსებმა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. [...] ერთ-ერთი წყარო გვეუბნება, რომ სამი ადამიანი გატაცებული, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა", - თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრმა, დავით ქაცარავამ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.