მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ყოველდღიურად ჩანიშნოს სასამართლო სხდომები მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დროულად იყოს გადაწყვეტილება მიღებული:
"ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა მისი პატიმრობიდან [გონების კარგვის], თუმცა იყო ყველაზე ძლიერი როგორც თვითონ აღნიშნა. ჩაუტარდა ამ დილით რაღაც კვლევები. ინტსრუმენტული კვლევები. პასუხები ჯერ არ არის. საკმაოდ ცუდად არის და ხვალინდელ პროცესზე მოგეხსენებათ, ითხოვდა გადასვლას, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ვერც გადასვლას და ვერც ჩართვას ვერ მოახერხებს.
ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად. შესაძლებელია კვირა-კვირანახევარში მორჩეს ეს ყველაფერი, რომ მივიდეთ დასკვნით სიტყვებამდე" ამბობს ხაჭაპურიძე.
დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა გიული ალასანიამ, რომელიც ამბობს, რომ გუშინდელი გონების კარგვის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი კიდევ უფრო დასუსტებულია.
გიული ალასანია ასევე ადასტურებს, რომ კათოლიკოს პატრიარქი სანდრა რულოვსსა და ნიკოლოზ სააკაშვილს შეხვდა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილთან ვივა მედში, ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა ვივა მედში გონება დაკარგა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი