იაპონიის პრემიერი კიევში ვიზიტს განიხილავს - სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან

გამოქვეყნდა:

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ განიხილავს კიევში ვიზიტს "სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე", თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

"უკრაინის მთავრობამ მიიწვია ძირითადი ქვეყნების სამთავრობო ჩინოვნიკები კიევში, მეც მივიღე მოწვევა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამას განვიხილავ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით", - უთხრა იაპონიის პრემიერმა ჟურნალისტებს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარზე კითხვის საპასუხოდ.

გარდა ამისა, ფუმიო კიშიდა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იაპონიის მხარდაჭერას დაჰპირდა, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია "აქტიურ როლს" თამაშობს, როგორც G7-ის თავმჯდომარე.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერს მადლობა გადაუხადა მძლავრი გენერატორებისა და ტრანსფორმატორებისთვის. გარდა ამისა, ზელენსკიმ ფუმიო კიშიდა მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი