"ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნებამ" ზუსტად იცის, რა გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და მზად აქვთ ამ გამოწვევების საპასუხოდ კონკრეტული გეგმა. გახარია ხაზს უსვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეუძლებელი იქნებოდა "ოცნების" მიერ 2012 წელს მოპოვებული გამარჯვების გარეშე.
გახარია საზოგადოებას პირდება, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი ნდობით ჩაივლის. მისი თქმით, მათი საბოლოო მიზანი ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა და ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.
მან ისაუბრა სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე, დევნილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განათლებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაძლიერებაზე, პენსიონრებზე, კანონის უზენაესობასა და ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრობაზე.