ძალადობის და გულგრილობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი ქუთაისში მეგობრმა მოკლა. 30 წლის ელენე ჩეჩელაშვილის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულია მისი მეზობელი, რომელიც მოკლულის კორპუსთან მდებარე ფარდულში ცხოვრობდა. სოციალურად დაუცველი ქალი ელენე ჩეჩელაშვილს ხშირად სტუმრობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა მეგობართან ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას მასპინძელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-მ უკვე დააკავა 45 წლის ქალი, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, "მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფაქტზე დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომლებმაც იცოდნენ დანაშაულის შესახებ და სამართალმდამცველებს დაკითხვაზე ინფორმაცია არ მიაწოდეს.
გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ როდესაც სამართალდამცავები მოვიდნენ, სავარაუდო ბრალდებულიც მეზობლებთან ერთად იყო და ინტერესს გამოთქვამდა კორპუსში მომხდარი ამბის შესახებ.
ადვოკატი რომან ჭეიშვილი აცხადებს, რომ დაკავებული ქალი ნასამართლევი იყო, თუმცა ნასამართლეობის მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, მუშავდება შურისძიების ან ეჭვიანობის ვერსიები.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ქალი რამდენიმე ხნის განმავლობაში შველას ითხოვდა, თუმცა მას არავინ დაეხმარა. ორი საათის შემდეგ მისულ სამართალდამცველებს ელენე ჩეჩელაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.