ექსკლუზივი: 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი, გირაოს შეფარდების შემდეგ, სავარაუდოდ, უწყებაში დაბრუნდა 

გამოქვეყნდა:

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, სავარაუდოდ, ისევ უწყებაში დააბრუნეს.

სპეცრაზმელის მამის ინტერვიუ, „მთავარმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა.გიორგი ესიაშვილი ერთ-ერთია იმ სამ  სპეცრაზმელს შორის, რომელსაც 20 ივნისს, აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორების გამო ბრალი წარუდგინეს, თუმცა  გირაოთი  გაათავისუფლეს.  სპეცრაზმელის ოჯახი „მთავარს“ უყვება, თუ რატომ დაინტერესდნენ მისი შვილით სამართალდამცველები.

პატიმრობის გარეშე ესიაშვილის მსგავსად  დატოვეს კიდევ ერთი სპეცრაზმელი, „მთავარმა“ მისი ვინაობაც დაადგინა.  გიორგი ამბარდნიშვილსაც გირაო შეეფარდა. 27 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა მესამე სპეცრაზმელმაც. ლევან იმერლიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოტივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. 

20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელების აგრესიის მსხვერპლი გახდა ადვოკატი დავით ნიორაძეც, ის სპეცრაზმელებმა დაასისხლიანეს და პანღურები ურტყეს. სპეცრაზმელების აგრესიაზე ნიორაძეს დღეს საუბარი რატომღაც  აღარ სურს. სპეცრაზმელების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება  გამაოგნებელია სახალხო დამცველისთვის. ნინო ლომჯარია მთავარი საგამოძიებო უწყებისგან ითხოვს დოკუმენტაციას, თუ რის საფუძველზე შეეფარდათ მათ გირაო. სახალხო დამცველს ასევე აინტერესებს, ხომ არ არის გამოყენებული მათ მიმართ შერჩევითი მიდგომები.

20 ივნისის მოვლენების გამო ამ დრომდე ციხეში 20 მოქალაქე რჩება, ნაწილი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  განსაკუთრებით მძიმეა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკვე მესამე დღეა შიმშილობს  ბესიკ თამლიანი.დედის რუსუდან თამლიანის განცხადებით, მისი შვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას პირადი პატიმარია.

არა ივანიშვილის სასამართლოს,  გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრები - ამ და სხვა ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტები დღეს გლდანის ციხესთან მივიდნენ და სოლიდარობის აქცია გამართეს აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს და მოგვიანებთ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო ამ დრომდე საპატიმროში რჩება აქციის 20 მონაწილე.  დარბევის დროს თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა. დაზიანება მიიღო ათეულობით პირმა მათ შორის 30-ზე მეტი, მედიის წარმომადგენელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი