თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნდა:

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ბრალი დამძიმდა. მას ახლა დამატებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და მუქარას ედავებიან.

ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილის ბრალი უკვე ოფიციალურად გააცნეს.

იგი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს, რადგან, როგორც ადვოკატი განმარტავს, მას არ ახსოვს მომხდარის დეტალები. მღებრიშვილის უფლებადამცველების მტკიცებით, დანაშაულის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაადეკვატურ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

„სამი ადამიანი, მეგობრები იყვნენ და ეს ადამიანი აბსოლუტურად გამოეთიშა რეალობას. ვერ აწყნარებდნენ, ჰქონდა წარმოდგენები და მოლანდებები. იმ მომენტში მისი საქციელი ადეკვატური და შერაცხადი ადამიანის საქციელს რომ არ ჰგავდა, ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ბრალდებულმა გონზე მოსვლის შემდეგ თავად ითხოვა პოლიციის გამოძახება - "ვაიმე, ეს რა ჩავიდინეო და ცდილობდა გარდაცვლილის გაცოცხლებას".

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებულის სახლიც. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის იყო მღებრიშვილის სამსახურებრივი იარაღიც, რომელიც წესით, სამართალდამცველს ჩამორთმეული უნდა ჰქონოდა, რადგან იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მღებრიშვილმა დეტექტივების სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. შემთხვევა 7 იანვრის ღამეს, მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი