250-მდე ყოფილი ძალოვანი ბაიდენს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფი სამხედრო ვეტერანები და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ. ისინი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ.

წერილს ხელს 250-მდე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი აწერს. ისინი ჯო ბაიდენს, ასევე, სთხოვენ მთელ მსოფლიოს აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესახებ.

"პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიულად და მშვიდობიანი გზით გადასცა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები მის მემკვიდრეს. თუმცა, საქართველოს ახალი მთავრობა შეუერთდა რუსეთს და დაიწყო ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირების კამპანია. ბევრი დაიბარეს დაკითხვაზე და აიძულეს ჩვენების მიცემა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა წამოიწყო არაპროვოცირებული თავდასხმა რუსეთზე. ჩვენმა უმეტესობამ ვერ გააგრძელა მსახურება ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკის გამო.

მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც 2008 წელს იწინასწარმეტყველა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ვინაიდან უკრაინის გამარჯვება ნიშნავს დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიის ტრიუმფს დიქტატურაზე და ტერორზე მსოფლიოში, სააკაშვილის სიკვდილი კატასტროფას და სასოწარკვეთას გამოიწვევს მათთვის, ვისაც სჯერა აშშ-ისა და ევროკავშირის ინსტიტუტების. მას აშკარად აღენიშნება წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნები, მათ შორის შესაძლო მოწამვლა. როგორც ქართული, ისე რუსული ტელევიზიები ღიად დასცინიან ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდებებისა და დამუშავებული ვიდეოების გამოყენებით. ეს საშინელი ქმედებები განხორციელდა მთავრობის მიერ, რომელიც ცდილობდა მის დისკრედიტაციას, რათა მოეპოვებინა პრეზიდენტ პუტინის კეთილგანწყობა.

სააკაშვილი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას. საქართველოს მთავრობა უგულებელყოფს ევროპული საზოგადოების მოწოდებებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ის და გაუწიონ საჭირო სამედიცინო დახმარება. გთხოვთ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნულია წერილში.

ხელმომწერები ამბობენ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელია ყოფილი მთავარსარდლის მიმართ არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი