გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი - ამ შინაარსის ვიდეომიმართვას ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ვასილ გოლოვანოვი ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტმა სპეციალურად ვიდეომიმართვაც გაავრცელა სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და საზოგადოებას მის ისტორიულ როლს ახსენებს.
ვასილ გოლოვანოვის თქმით, მსოფლიოს ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა მიბაძონ და მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დაწყებულ მოძრაობას უნდა შეუერთდნენ.
"მინდა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს. ის ჩემი გადაცემის სტუმარი არაერთხელ ყოფილა. მას ყოველთვის ამოძრავებდა როგორც ისტორიული სამშობლოს, ასევე უკრაინისთვის ბრძოლის სურვილი. დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ის საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მას კი არ მკურნალობენ, არამედ პირიქით, ამაზე მისი ფიზიკური მდგომარეობაც მეტყველებს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის დასახმარებლად - სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა თავის მთავრობებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით უნდა მიმართონ. ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, რაც უფრო მეტი ლიდერი შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის დაწყებულ მოძრაობას, მით უფრო მეტი შანსი გვექნება. მოგიწოდებთ და გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდეს" ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.