
NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტში შარლ მიშელი ერთმანეთს NATO-ს შტაბ-ბინაში დღეს, 10 იანვარს შეხვდნენ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა: "ჩვენ მოწოდებული ვართ NATO-ს და ევროკავშირს შორის პარტნიორობა მომდევნო ეტაპზე ავიყვანოთ".
ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს NATO-ს და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში NATO-ევროკავშირს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტნიორობა "კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს სრულფასოვანი წევრები გახდებიან" და რომ მათ გაწევრიანებასთან ერთად NATO დაიცავს ევროკავშირის მოქალაქეების 96%-ს.