თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება - აცხადებს გენერალი ბენ ჰოჯესი "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმართან" ინტერვიუში.
ჰოჯესის თქმით, მას არ ესმის რატომ არ დგას მტკიცედ საქართველო უკრაინის გვერდით მაშინ, როცა რუსეთი პატივს არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს:
"მე არ მესმის, რატომ არ დგას საქართველო 100%-ით მტკიცედ უკრაინის გვერდით. ჩვენ ვილაპარაკეთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს. მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და თუ უკრაინაში გაიმარჯვა, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ტერიტორიების დაბრუნება. ასე, რომ გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია." ამბობს ჰოჯესი.
მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე მათ შორის, შავი ზღვის საშუალებით და მნიშვნელოვანია, ეს სხვა ქვეყნები გრძნობდნენ საქართველოს მხრიდან საიმედო პარტნიორობას.
"რუსები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ყოველდღიურად, როდესაც მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. როგორ შეიძლება, საქართველო ამას ყოველდღიურად არ გმობდეს. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რუსეთის მხრიდან მანაც ძალიან იზარალა. როგორ შეიძლება, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად არ ახსენებდეს ამას მსოფლიოს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დგომაზე." ამბობს ჰოჯესი.
ამერიკელი გენერალი ბუკ-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის უარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალბათ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს:
"რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის დაცვაა, მაგრამ მე მგონია, რომ ალბათ, ეს ხელისუფლება რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო დიდი სამხედრო ბიუჯეტი ექნებოდა.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩათრევის ალბათობა უკრაინის კონფლიქტში იმის გამო, რომ მისი ხელისუფლება კიევს მხარდაჭერას გამოუცხადებს, თითქმის ნულის ტოლია. რუსეთმა თითქმის მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენა უკრაინაში ბოლო რვანახევარი წლის განმავლობაში და მაინც ვერ შეძლო უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობა. წარმოიდგინეთ, რუსეთის შავ ზღვის ფლოტი ფაქტობრივად განადგურებულია, როდესაც უკრაინას ფლოტი საერთოდ არ ჰყავს. ასე, რომ არ მესმის რატომ მიიბა საკუთარი თავი ბორკილებით საქართველოს მთავრობამ კრემლზე." ამბობს გენერალი.
ბენ ჰოჯესი "ქართული ოცნებისა" და მისი მხარდამჭერების რიტორიკას, თითქოს, აშშ საქართველოს ომში ითრევს, აბსურდს უწოდებს:
"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ საქართველოს ჩართვას ცდილობს უკრაინის ომში. ეს აბსურდია. უკრაინის გამარჯვება საქართველოს ინტერესებშია. რუსეთი ახლა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ აფხაზეთიდან გაჰყავს ცოცხალი ძალა, რომ უკრაინაში გადაისროლოს. რომელ მეორე ფრონტზე ვსაუბრობთ? რა საშუალებით უნდა იბრძოლოს რუსეთმა მეორე ფრონტზე?" ამბობს გენერალი ჰოჯესი "დღის სტუმართან" ინტერვიუში. [სრული ვერსია "დღის სტუმრის" საღამოს ეთერში].
გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.