პროკურატურა გამოძიების ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვს - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

როგორ, როდის და ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, რა ეტაპზეა გამოძიება - პროკურატურას ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. შოთაძის უწყება გამოძიებისთვის ვადის გაგრძელებას ერთი თვით, 31 აგვისტომდე ითხოვს. პროკურატურამ ამ მოთხოვნით მცხეთის სასამართლოს მიმართა. 

პირველ წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე პროკურატურის ეს მოთხოვნა ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაკავებულებიდან რამდენიმეს მაინც წარუდგინონ ბრალი სსკ-ის 109-ე, ანუ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში. გაუგებარია, რატომ მიმართავს ამ თხოვნით პროკურატურა მცხეთის სასამართლოს, მაშინ, როდესაც გამოძიებას უკვე თბილისის კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. 

დაკავებული ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ პროკურატურის ამ ნაბიჯს ელოდებოდა კიდეც, რადგან საქმეში არ დევს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც შოთაძის უწყებას ბრალის დამტკიცებისთვის გამოადგებოდა. 

აღსანიშნავია, რომ საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომელთან დაკავშირებითაც კანონმდებლობაში ვადები არის შემჭიდროვებული და ეს ვადები 31 ივლისს იწურება, სწორედ ამიტომ იყო პირველი წინასასამართლო სხდომა ამ დღეს. გიორგი ყიფშიძის თქმით, პროკურატურას ამ ვითარებაში ორი გამოსავალი აქვს, მათ ან ცალკე უნდა გამოყონ არასრუწლოვნების საქმე ან მათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.   

შსს-ში ამ წუთებშიც მიმდინარეობს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების გამოკითხვები. ამ წუთებში გამოკითხვაზე მეორედ იკითხება ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. 

გამომძიებლებმა სამხარაულის ბიუროს შემთხვევის ადგილზე დამატებითი, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. "მთავარისთვის" ცნობილია, რომ ეს ექსპერტიზა დღეს უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, პროკურატურას ამ ექსპერტიზის დასრულებისა და დასკვნის დადების შემდეგ ექნება მტკიცებულებები, რათა საქმე სასამართლოში განზრახ მკვლელობის პუნქტით წაიღოს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი