Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევი საჯაროდ მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და სთავაზობს დახმარებასა და თანამშრომლობას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] დაინტერესებული არიან ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ადამიანების ნებისმიერი მოძრაობა, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“, - განაცხადა გროზევმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.
გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, გაიარეს კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიური იარაღის სფეროში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია რეალურია.
გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივიც, რადგან მიხეილ სააკაშვილი რუსულ FSB-სა და GRU-ს მტრების სიაში ჰყავს შეყვანილი და მათ შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელ ხრისტო გროზევს მიმართა, რომ გამოეძიებინა მისი სავარაუდო მოწამვლა.