პოლიტიკური ნიშნით დევნის სავარაუდო ფაქტი თეატრალურ უნივერსიტეტში - პარტია "საქართველოსთვის" წევრი ამბობს, რომ თეა წულუკიანის უწყებამ იძულებული გახადა სამსახური დაეტოვებინა. რუსუდან თევზაძე უნივერსიტეტში წლების განმავლობაში იკავებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას, თუმცა როგორც ამბობს, წულუკიანმა რექტორს პირდაპირ უთხრა, რომ ის სამსახურიდან უნდა წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის დაფინანსება არ გაიზრდებოდა.
"ქალბატონ მინისტრს ძალიან ჭკვიანი და გონიერი ჰგონია საკუთარი თავი, და ასე არ არის. აკეთებს პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაციას და არაფრად აგდებს ადამიანის, პიროვნების, მოქალაქის პროფესიონალიზმს. მომატებული თანხა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი წესით წამოიღო საკუთარ სამინისტროში, თითქოს საკუთარი ეზო-კარი იყოს და შემდეგ უკვე ჩასაფრებული პოლიტიკის გათვალისწინებით დაიწყო ბიუჯეტით ვაჭრობა, რომ თუ თევზაძე რუსუდანი დატოვებდა ამ პოზიციას, მაშინ უნივერსიტეტი მიიღებდა მომატებულ ბიუჯეტს", - თქვა რუსუდან თევზაძემ.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თევზაძე 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.