
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის უსაფრთხოების ვითარებაზე. ასევე, მან პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
"ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე - პატივი მივაგე უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.
ზელენსკის ინფორმაცია მიეწოდა საზღვარზე სიმაგრეების მდგომარეობისა და გაძლიერების, ასევე ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონებში მესაზღვრეებისა და სამხედრო პერსონალის მატერიალურ დახმარებაზე.
"ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, ჩვენ სხვა რაიმე ძლიერს ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც საზღვარზე, ისე რეგიონში", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია რივნეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და საიმედო ფუნქციონირების შესახებ.