უკრაინის საელჩოში მესამე პრეზიდენტის ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძესა და უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულს ანდრეი კასიანოვს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. უფლებადამცველმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ისაუბრეს კონკრეტულ ბერკეტებზე თუ რისი გაკეთება შეიძლება.
ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საელჩოში დაინტერესდნენ "რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველოს სახელმწიფომ ანგარიში". სავარაუდო ქვეყნებად მან ჩამოთვალა საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, ინგლისი, თურქეთი.
"ისინი დაინტერესდნენ დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს, რამდენ ხანში შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რა შეუძლიათ გააკეთონ, დაინტერესებულები არიან სისხლ-ხორცეულად, ანუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბატონი ზელენსკის პოზიცია, რაც მან გააჟღერა ოფიციალურად, განვახორციელოთ ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძის თქმით, დაინტერესდნენ "მაგნიტსკის სიით" და მასთან დაკავშირებული პროცედურებით.