
თუ რუსული ჯარები მოახერხებენ დონეცკის ოლქის სრულად აღებას, მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება ზაპოროჟიეს ოკუპაციის მცდელობა - განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა.
მისი თქმით, კიევი ელის, რომ უახლოეს მომავალში რუსული არმია გააძლიერებს დონბასის იმ რამდენიმე დასახლების ხელში ჩაგდების მცდელობას, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
წარმატების შემთხვევაში, როგორც გრომოვმა აღნიშნა, მტერი ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის ხელში ჩაგდებას ეცდება.
გრომოვმა დაადასტურა, რომ ამ დროისათვის ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და სოლედარის მიდამოებში, სადაც რუსული ჯარები არტილერიისა და ავიაციით ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინელი სამხედროები. გრომოვის ინფორმაციით, მხოლოდ ამ კვირაში ფრონტის ხაზის ამ მიმართულებაზე 350-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
გრომოვის ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ თავდასხმებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.