კომპანია "გრინსერვის პლუსმა" ახალ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიას რომელიც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდა თბილისის მერია ხელშეკრულებას ისევ უფორმებს.
3 მლნ 145 ათას ლარს "გრინსერვის პლუსს" დედაქალაქის მერია თბილისში მდებარე სკვერებში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გადაუხდის.
ოპოზიცია კალაძის უწყებების სავარაუდო კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას თავი აარიდა, ახლა ტენდერში ისევ საკუთარ ფავორიტ კომპანიას გაამარჯვებინა.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული არ აქვს და სატენდერო პროცესში ვერ ჩაერევიან.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "გრინსერვის პლუსმა" ვაკის პარკის შადრევანს რეაბილიტაცია ჩაუტარა. საზეიმოდ გახსნილ შადრევანში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. შემთხვევას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმესთან დაკავშირებით , დაკავებულია 9 პირი, მათ შორის "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ავტორი: ნინო გიგაური