რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ არ ასრულებს და დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაციებს არ უხდის.
ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტით, 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
რუსული მედიის ცნობით კი მოსკოვი ახალ პირობებს აყენებს და აცხადებს, რომ დაზარლებულთა სია დასაზუსტებელია. რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 1800 კაციან ნუსხას 290 უნდა გამოაკლდეს, რადგან მათი სტატუსი სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსგან ითხოვს იმ მექანიზმის შემუშავებას, როგორ უნდა გადანაწილდეს დაკისრებული კომპენსაცია დაზარალებულებზე.
საქართველოში კი აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება მოთხოვნები წაუყენოს საქართველოს და ის ვალდებულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. სამოქალაქო საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ კრემლი დროს წელავს. რაც შეეხება მექანიზმს, რომელიც კრემლს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას აიძულებს, ეს მექანიზმი ისევ მინისტრთა კომიტეტის ხელშია:
ერთი მექანიზმი, რომელიც გაწერილია ევროპულ კონვენციაში არის ის, რონ მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ხელახლა მიმართოს ევროპულ სასამართლოს და რუსეთის ფედერაციის მიმართ მოითხოვოს კონვენციის პირველი მუხლის დარღვევა" განაცხადა "საიას" წარმომადგენელმა.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და რუსეთს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწვეტილება არ შეასრულოს, ან დროში გაწელოს:
რუსეთს მოუწევს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე მრავალი ვალდებულებების შესრულება და ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინაიდან რუსეთი იძულებული გახდება დაემორჩილოს საერთაშორისო თამაშის წესებს" განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
სამწუხაროა რომ საბაბი, რომელსაც ეხლა რუსეთი იყენებს, რომ არ არის დასაზუსტებული სია, მისცა მას დღევანდელმა ხელისუფლებამ. იმიტომ, რომ თავის დროზე სხვადასხვა ვადები იქნა გამოტოვებული, არ იქნა სიები დაზუსტებული და ეხლა ამას იყენებს საბაბად" აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე
ევროსასამართლომ გადაწყვეტილება 2006 წელს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციების გადახდის შესახებ, 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევრო სამ თვეში უნდა გადაეხადა, თითოეულ გადაცილებულ დღეზე კი მას ჯარიმა ეკისრებოდა, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ასრულებს.