მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის - ეს გამოჩნდება, თან მალე - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის - ეს გამოჩნდება, თან მალე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცნობა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ექიმის მიერ 11 მაისს დაიწერა, მანამდე კი ექიმები აცხადებდნენ, რომ ის ჯანმრთელი იყო.

"იყო რაღაც დეტალები. ჩვენ ასევე გამოთხოვილი გვაქვს კადრები სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე - საუბარია ყველა კადრზე დერეფანში, ბადრაგების გადაადგილება, სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ეს ძალიან დიდი მასალა იქნება, შრომატევადი საქმე იქნება, თუმცა ველოდებით ამ კადრებს. ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ "სააკაშვილის სიაში", თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ. ნივთიერებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა, ციხეში მყოფ ადამიანს არ უნდა აღმოაჩნდეს.

10 მაისს გაიცა ცნობა რუსთავის მე-12 დაწესებულების ექიმის მიერ, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელად და შესაძლებელია მან მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. 11 მაისს უკვე იწერება ცნობა ექიმის მიერ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ასევე არის ერთი ჩანაწერი, რომელიც გამქრალია - დეპარტამენტში ღამით ხდება გადარეკვა და ეს ჩანაწერი აღარ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ზარი არის განხორციელებული მე-12 დაწესებულებიდან ღამით. ამის შემდეგ სააკაშვილი დაჩქარებული წესით გადაჰყავთ "ვივამედში“. კლინიკაში ექიმს გაკეთებული აქვს ჩანაწერი, რომ მან დაკარგა გონება წინა დღით, 20 წუთი იყო უგონოდ და საჭიროებს გადაუდებელ ღონისძიებებს. შემდეგ 25 მაისს კარგავს გონებას, სადაც ასევე ექიმი მიდის და ეჭვი მიაქვს ინტოქსიკაციაზე - ქალბატონი თამარ აბაშიძეზეა საუბარი და ის უკვე ლათინური ასოებით მიუთითებდა, რომ შემოწმება უნდა მოხდეს ვერცხლისწყალზე, ბარიუმზე და ა.შ. ეს უნდა მომხდარიყო მინიმუმ 3 დღეში, თუმცა ეს გაკეთდა 8-9 დღის დაგვიანებით. სისხლთან ერთად, არ გაკეთდა შარდის, ფრჩხილების და თმის ანალიზები. ამ დროს უკვე ამოვიდა მცირე რაოდენობით დარიშხანი და სხვა ნივთიერებები", -  თქვა შალვა ხაჭაპურიძემ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი