"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა იქნება და უნდა იყოს, მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას. ოღონდ, ის ამას მარტო ვერ შეძლებს და საჭირო იქნება დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება ამ ქვეყანაში. ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება, სწორედ ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ნიკა მელიას", - თქვა გიორგი კირთაძემ.
გარდა ამისა, როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.
მირდატ ქამადაძემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ "პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად და არა კულისებიდან".
არაფორმალურ მმართველოასთან დაკავშირებით ისაუბრა მირდატ ქამადაძემაც:
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა იყოს, რის გამოც ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ არაფორმალური მმართველობის საფრთხე რომ იყოს თავიდან აცილებული, ამიტომ ნიკა მელია, - თქვა მირდატ ქამადაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.