შეშინებული ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლანის ძველი სახეები - "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი ახალ წინასაარჩევნო კამპანიას ძველი გზავნილებითა და ნაცნობი დაპირებებით იწყებს.

პანდემიით შეშინებული ოლიგარქი რვათვიანი გაუჩინარების შემდეგ ტელეკამერებთან წინასაარჩევნოდ გამოჩნდა. კოჯორში პარტიულ ღონისძიებაზე მისულმა ივანიშვილმა თვეების დაგროვილი სათქმელი საზოგადოებას ზუსტად 8 წუთსა და 44 წამში უთხრა. ოლიგარქმა საქართველოს მოსახლეობას ტრადიციული გზავნილებით სუფლიორზე დაწერილი ტექსტის მეშვეობით მიმართა. წინაასაარჩევნო კამპანია "ქართულმა ოცნებამ" კვლავ სიძულვილის ენითა და ოპონენტების დისკრედიტაციით დაიწყო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ დღეს, 20 ივნისს, კოჯორში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სიით იკვეთება, რომ ოლიგარქმა ფსონი "ქართული ოცნების" დროს გამდიდრებულ და ოლიგარქის მორჩილებაში მყოფ ბიზნესმენებზე გააკეთა.

შერჩეულ კანდიდატებში არ არის დაცული ბალანსი - 30 კანდიდატიდან 29 მამაკაცი და ერთი ქალია. პოლიტიკაში დაბრუნდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრიც, რომელიც თავის დროზე მმართველმა გუნდმა თანამდებობიდან გაუშვა. დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქში იასპარეზებს.

კოჯორში "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე ნახავდით ყველა პროფესიის ადამიანს. იყვნენ მომღერლებიც, სპორტსმენებიც, ბიზნესმენებიც და მოდის ექსპერტებიც. ყრილობის დაწყებამდე ღონისძიების ბოლო დეტალებს ერთმანეთში აზუსტებდნენ და კამერის წინ პოზირებდნენ "ოცნების" მთავარი იდეოლოგები ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავა. ვინაიდან მთავარ დამსახურებად დღეს კანდიდატებს კოვიდ 19-თან ბრძოლას უთვლიდნენ, ღონისძიებაზე ამ ბრძოლის მთავარი გმირებიც დაპატიჟეს.

მმართველი პარტიის ღონისძიებაზე განსაკუთრებული რეგულაციები დაწესდა მედიისთვისაც. ორი საათის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ერთ პატარა სივრცეში მოამწყვდიეს. მას შემდეგ კი, რაც ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ახლო რადიუსში ყველა საკომუნიკაციო საშუალება დაახშეს მანამ, სანამ ოლიგარქმა ტერიტორია არ დატოვა.

"ქართულმა ოცნებამ" წინაასარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. დღევანდელ პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ "ოცნების" მოქმედი თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრები. ერთადერთი, ვინც დღეს არ გამოჩენილა, გიორგი კვირიკაშვილი იყო.

ყოფილი თანაგუნდელების გვერდით მამუკა ბახტაძეც გახლდათ, რომელიც "ოცნების" სიაში იქნება. "ერთად საქართველოს წარმატებისთვის", - ამ გზავნილით აპირებს ოლიგარქი და მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებას. ერთიან სიას კი "ოცნება" სექტემბერში დაასახელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი