
ფიზიკური დაპირისპირება ძმასთან, რძლების ჩხუბი, დამშვიდობება ბებიასთან, მასზე ასაკით უფროსი საყვარელი, ავღანეთი, 25 გვამი, დედის ტრაგედია, კოკაინი და პანიკური შეტევები - დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსი ვაჟის ავტობიოგრაფიული წიგნი უკვე ოთხი დღეა გაყიდვაშია. "სათადარიგო" - ასე ქვია ნაშრომს, სადაც პრინცმა ჰარიმ მის პირად და სამეფო ოჯახის ცხოვრებაზე დაწერა. წიგნისთვის სათაური Spare - "სათადარიგო" , შემთხვევით არ შეურჩევია. ჰარი წერს, რომ მას ეს სახელი მამამისმა, ახლა უკვე მეფე ჩარლზმა დაბადებისას უწოდა - „მშვენიერია. შენ მომეცი ერთი მემკვიდრე და ერთიც სათადარიგო. თქვენი მისია შესრულებულია, ”- იხსენებს წიგნში ჰარი მამის სიტყვებს, რომელიც პრინცესა დაიანას ჰარის დაბადების შემდეგ უთხრა.
ავტობიოგრაფიული წიგნი დიდ ინტერესს იწვევს - ძმების - უილიამისა და ჰარის დაპირისპირების დეტალების აღწერის გამოც. ჰარის თქმით, მას ძმა ფიზიკურად თავს დაესხა მისი მეუღლის, მეგან მარკლის გამო. "სათადარიგოს" უკვე უწინასწარმეტყველებენ, რომ ის 2023 წლის მსოფლიო ბესტსლერი გახდება.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი