"18 დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი და 73 დაშავებული" - თავდასხმა მაღალსართულიან კორპუსზე დნიპროში 

გამოქვეყნდა:

ბოლო ცნობებით, დნიპროში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილი მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამასთან დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული მაღალსართულიანი შენობიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი გადაარჩინეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, მონაცემები ასახავს ადგილობრივი დროით 07:25 საათისთვის არსებულ ვითარებას. 

"იგეგმება პერსონალის როტაცია. გაშლილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 4 კარავი და მოხალისეთა ერთი კარავი (კვებით უზრუნველყოფილია). საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა 40 დაზარალებულს დახმარება გაუწიეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და საშიში კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი გრძელდება.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, 40-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოებშია გადანაწილებული, ოთხი კი მძიმედ დაშავებულია და რეანიმაციაშია მოთავსებული. ამასთანავე, მისი თქმით, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი ჯერ ისევ უცნობია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი