
5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით, 6 მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, კატეგორიულად არ ეთანხმებიან დღევანდელ განაჩენს.
"პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე რა თქმა უნდა აღნიშნულ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მსჯავრდებულს ბრალი შეუმცირა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.