
"ყველა დედას უყვარს თავის შვილი, მაგრამ როგორი მართლებიც თქვენი შვილები არიან ჩემი შვილის სიკვდილში [ისე იარეთ]-თქო" - ასე ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ 6 მსჯავრდადებულისთვის სასჯელის შემცირებას.
"მაგ სიმართლით იარეთ-თქო, მეტს ვერაფერს ვერ ვეტყვი ყველა დედას უყვარს თავის შვილი, მაგრამ როგორი მართლებიც თქვენი შვილები არიან, ჩემი შვილის სიკვდილში-თქო, რისთვის მოკლეს, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის.. არ იყო ჯგუფური ძალადობა ამდენი ხალხი რომ იყო, ეს ხომ ფაქტია კადრები ხომ ვნახე ამდენი ხალხი ზოგი კიბეზე არბის, ჩამორბის აბა რა იყო.. მოსამართლე ქალი ყოფილა, იმას შვილი არა ჰყავს? იმ კადრებს ხომ უყურებდა კარგი, მესმის, რომ ისიც რაღაცას ასრულებს იმ კადრებს ჩემს შვილს რომ ასე ათრევდნენ," - ამბობს თინათინ კახიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მსჯავრდებულს ბრალი შეუმცირა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.