
ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ მიმოხილვაში 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაზე წერს და აცხადებს, რომ რუსეთმა იცრუა, როცა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დააკისრა.
დაზვერვის თქმით, რუსეთმა 15-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები და უკრაინის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა. უწყების შეფასებით, 14 იანვარს დაბომბვის ტალღის მთავარ სამიზნეს კვლავ უკრაინის ელექტროსისტემა წარმოადგენდა.
დაზვერვის ინფორმაციით, დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა საშუალო ბომბდამშენ Tu-22M3 BACKFIRE-დან გაშვებული Х-22 მსხვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რამაც მინიმუმ 40 ადამიანი იმსხვერპლა.
"რუსეთმა იცრუა, როცა შემთხვევაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვას დააკისრა. Х-22 აშკარად არაზუსტია, როდესაც გამოიყენება სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ, რადგან მისი რადარის მართვის სისტემა ცუდია ურბანულ ადგილებში სამიზნეების დიფერენცირებაში.
მსგავსი იარაღი იყო გამოყენებული სხვა ინციდენტების დროს, რასაც სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი მსხვერპლის მოჰყვა, მათ შორის, 2022 წლის 27 ივნისს კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას", - წერს უწყება.