ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბელარუსის ტელევიზიის მიერ, გიორგი ზირაქიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ემსახურებოდეს.
"ბელარუს 1"-ის ინფორმაციით, ბელორუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საბრძოლველად უნდოდა წასვლა. დაკავებული გიორგი ზირაქიშვილი სიუჟეტში ხაზს უსვამს, რომ მას უკრაინაში ჩასასვლელი მარშრუტი საქართველოში უკრაინის საელჩომ მისცა და მას კომუნიკაცია ჰქონდა ქართულ ლეგიონთანაც.
მამუკა მამულაშვილი განმარტავს, რომ გიორგი ზირაქიშვილის შესახებ ქართული ლეგიონი ინფორმაციას არ ფლობს. მის შესახებ არაფერი იციან არც ლეგიონის რეკრუტირების ჯგუფში.
"ველაპარაკეთ ჩვენ რეკრუტირების ჯგუფსაც, არავინ არ იცის ეგ გვარი - ეს ერთი. მეორე, ადამიანს მგონი თვითონ უნდა ეყოს შეგნება, რომ ფაქტობრივად მტრის ქვეყნიდან არ უნდა დააპიროს შემოსვლა უკრაინაში. არ ვიცი მე ეს ადამიანი მოდიოდა ჩვენთან, არ მოდიოდა ჩვენთან... დარწმუნებული ვარ ეს არის პროვოკაცია, რადგან, ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი რომ ფულის საშოვნელად უნდოდა უკრაინაში ჩამოსვლა და არა იდეოლოგიური მოსაზრებების გამო", - ამბობს მამუკა მამულაშვილი "მთავართან".
მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ ლეგიონში გაწევრიანებისთვის ჩადის უკრაინაში, ეძლევა სპეციალური მითითება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ მხოლოდ მეგობრული ქვეყნებიდან.
ბელარუსში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.