სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოსთხოვა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირება "ვაგნერში"

გამოქვეყნდა:

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა  რუსეთს მოსთხოვა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირება  "ვაგნერში," რუსეთის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 

როგორც ვუჩიჩმა განმარტა, რუსული ვებსაიტები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ განცხადებებს სერბულ ენაზე, სადაც მოხალისეებს მოუწოდებენ "ვაგნერის" რიგებში გაწევრიანებას.

უფრო მეტიც, ქვეყნის კანონმდებლობა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირდაპირ კრძალავს სერბებს საზღვარგარეთ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას.

მანამდე სერბეთის შს მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოები ამოწმებენ ინფორმაციას სერბეთის მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობის შესახებ საომარ მოქმედებებში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე.

"ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კი თქვა, რომ კომპანია "არასოდეს ყოფილა სერბეთში". გარდა ამისა ის ამტკიცებს, რომ შემადგენლობაში სერბები არ არიან - "და დიდი ხანია არ ყოფილან".

ცნობისთვის დეკემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვაგნერის დაჯგუფებამ" სერბეთში  "მეგობრობისა და თანამშრომლობის ცენტრი" გახსნა.

ამერიკული გამოცემა Politico კი, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გასულ კვირას წერდა, რომ "ვაგნერი"  თავის საქმიანობას რიგ ქვეყნებში აძლიერებს, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სერბეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი