
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ დამატებითი დროს მოთხოვნა ეჭვებს უჩენს იურისტებს. მათი თქმით, გამოძიებამ ვერ შეძლო საზოგადოება დაერწმუნებინა იმ ყალბ ვერსიებში, რასაც სთავაზობდა და ახლა გამოსავალს ეძებს. იურისტები ფიქრობენ, რომ წინასასამართლო სხდომის თარიღის ერთი თვით გადადების მოთხოვნა, სწორედ მედიის აქტიურობის, საზოგადოების დიდი ჩართულობისა და ექსპერტების სკანდალური განცხადებების შედეგია. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მთავარ აქცენტებში უკრაინელი ექსპერტის ვერსიებს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე.
ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მთელი თვის განმავლობაში გამოძიება ძალიან მდორედ, არაეფექტურად, რაც მთავარია, არასწორი მიმართულებით მიდიოდა და დიდი დრო იქნა დაკარგული, - ამბობს ადვოკატი სანდრო ბარამიძე.
უფლებადამცველი ლევან სამუშია ამტკიცებს, რომ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები არ გააჩნია, რათა რომელიმე პირს 109-ე მუხლით ბრალდება წარუდგინოს.
აქედან გამომდინარე, პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ისინი მუშაობენ, შრომობენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საქმე თავიდანვე გაფუჭდა, - ამბობს იგი.
ადვოკატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას საქმეში დაშვებული ხარვეზების გამოსწორება ძალიან გაუჭირდება და მისი მოსაზრებით, საგამოძიებო უწყება ახლა მოჩვენებითი მანევრების გაკეთებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიების ვადის ერთი თვით გადადება მოითხოვა და ამ თხოვნით მცხეთის სასამართლოს მიმართა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.