საკარანტინო ადგილების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც იტალიიდან საქართველოში მოქალაქეები ბრუნდებიან.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე განიხილება თვითიზოლაციის საკითხი. ამ გზას უწყება იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ პაციენტს არ აქვს ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა, შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის და საკმარისი ადგილებია პაციენტებისთვის.
მობილიზებული არის ბათუმში ინფექციური საავადმყოფო, ასევე მობილიზებულია ქუთაისში ინფექციური საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, სადაც ამ ეტაპზე საჭიროება არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის როგორც ინფექციური საავადმყოფო, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო. მობილიზებული არის ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა ეს საავადმყოფო პაციენტებისგან. ჩვენ გვაქვს აქ საკმარისი საწოლები, რათა დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. ასევე საკარანტინე რეჟიმში მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რათა მგზავრები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ კარანტინი და გადაყვანა არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაციის პირობებში, დროულად მოხდეს გადაყვანა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი. ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფექციურ საავადმყოფოში, 24 პაციენტის პასუხს ელოდებიან. ლუგარის ლაბორატორიაში, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგები, ცოტა ხანში ოფიციალურად ცნობილი გახდება.
სულ ინექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის, 34 პაციენტია მოთავსებული, მათგან უკვე ცნობილია, რომ 2 კორონავირუსით ინფიცირებულია.