
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ მიიჩნია. მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ასაჩივრებდა.
ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ, რომ არავინ არ ვაპირებთ დანებებას და გაჩერებას. მიხეილ კალანდიას არ შევარჩენთ არავის 11 წლით და 3 თვით ციხეში იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის, ანუ ძალიან მარტივი ფრაზაა ხომ?! არჩევნები მოდის და არავის არ სჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა. ასე რომ, მოსალოდნელიც იყო, - თქვა კალანდიას ძმამ სასამართლოს შემდეგ.
მიხეილ კალანდიას მამის თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება "მიაღებინეს". იგივე აზრს იზიარებს უფლებადამცველი, რომელიც ამბობს, რომ გუშინ, 20 ივლისს სასამართლოს კოლეგიაზე ზეწოლა გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა მოახდინეს.
აღნიშნული განცხადება ადგილზევე უარყვეს პროკურატურის წარმომადგენლებმა, მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე მიხეილ კალანდიასთან ერთად ორი არასრულწლოვანი - გ.ჯ და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები.